საფრანგეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ჩელისტის წარმატებული კარიერა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მუსიკალურ წრეებში. აკადემიურობა, ღრმა მუსიკალური აზროვნება,  შესრულების თავისებური მანერა, მეტად საინტერესოს ქის მის შემოქმედებით პორტრეტს.

გ. ხარაძე სწავლობდა ბლუასა და ორლეანის კონსერვატორიებში. 2004 წელს  დაამთავრა პარიზის კონსერვატორია. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, რომელთაგან აღსანიშნავია მსტისლავ როსტროპოვიჩის სახ. ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო (III პრემია, 2005წ.) და ემანუელ ფოიერმანის სახ. ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო (I პრემია, 2006წ.) კონკურსები. 2007 წელს ბონში, ბეთჰოვენის ფესტივალზე, როგორც საუკეთესო მონაწილე, დაჯილდოვდა ბეთჰოვენის ბეჭდით. 

ახალგაზრდა მუსიკოსი 15 წლის ასაკიდან ეწევა აქტიურ სოლო საკონცერტო მოღვაწეობას. იგი ხშირად გამოდის ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიცაა: ამსტერდამის „Concertgebouw“, ჰააგის თეატრი ნიდერლანდებში, ჩეხეთის ფილარმონია პრაღაში, სლოვაკეთის ფილარმონია ბრატისლავაში, ესტონეთის თეატრი ტალინში, ლიტვის ფილარმონია ვილნიუსში, რიგის ფილარმონია, „Hôtel National des Invalides“ პარიზში, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი და სხვ. გ. ხარაძე ასევე თანამშრომლობს ცნობილ ორკეტრებთან და ანსამბლებთან (რესპუბლიკური გვარდიის ორკესტრი, ფრანკფურტის სინფონიეტა, პოტსდამის “Kammerakademie”,  “Staatskapelle Weimar”, ბონის “The Beethovenorchester”, “The Orchestra Ensemble Kanazawa”, “KBS” სიმფონიურ ორკესტრი და სხვ.), გამოჩენილ მუსიკოსებთან (იური ბაშმეტი, გიდონ კრემერი, მენაჰემ პრესლერი, როლანდ პიდო...).

ამჟამად, გ. ხარაძე მოღვაწეობს პარიზში ბასტილიის ოპერაში, სადაც ჩელოს ჯგუფის კონცერტმაისტერია.