ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსია. იგი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი თავად „ქმნის“ მუსიკას მისეული ხედვით და შეგრძნებებით. სტილის შეგრძნება, ვირტუოზულობა, საოცარი ენერგეტიკა, არტისტიზმი, ფერთა უშრეტი პალიტრა, მგრძნობელობა და რელიეფურობა, მოკრძალებულობა და მონუმენტურობა...ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებებია დიდი ხელოვანისთვის მუსიკის უკვდავსაყოფად.

გაზეთმა “Miami Herald”-მა მუსიკოსს „დიდი არტისტი“ უწოდა, ხოლო „Daily Telegraph”-მა კი „ჩუმი მეამბოხე“.

სიდნეის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი პრემიის და არტურ რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ალექსანდრე კორსანტიას კარიერა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებს, სახელგანთქმულ დირიჟორებსა და ცნობილ ორკესტრებს დაუკავშირდა. კერძოდ, იერუსალიმის, მეხიკოს, ცინცინატის, ოსლოს, ომაჰას, ვანკუვერის, ისრაელის სიმფონიურ და ფიალრმონიულ ორკესტრებს, საქართველოს სინფონიეტას და სხვ. ასევე თანამშრომლობს ვალერი გერგიევთან, ჯანანდრეა ნოზედასთან, პაავო იარვისთან. პიანისტს ხშირად იწვევენ ცნობილ ფესტივალებზე ( „თეთრი ღამეები“ სანქტ-პეტერბურგში, ვერბიეს, ვარშავის, სან-ფრანცისკოს, იერუსალიმის, თელ-ავივის, ნიუ-პორტის, ბოსტონის და სხვ.). თანამშრომლობს იური ბაშმეტთან, ვადიმ რეპინთან, სერგეი ნაკარიაკოვთან და სხვ.

Bel Air Music და Piano Classics არის ის კომპანიები, რომლებთანაც ალექსანდრე კორსანტიას ჩანაწერები აქვს გაკეთებული, რომელთაგან აღსანიშნავია ვარიაციების კოლექცია ( ბეთჰოვენი, რახმანინოვი, შოპენი, კოპლენდი).

დაიბადა თბილისში. მუსიკის სწავლა დაიწყო დაიწყო ჯერ დედასთან, სვეტლანა კორსანტიასთან, მოგვიანებით, ცნობილ ქართველ პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან. 1992 წლიდან ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

1999 წელს საქართველოში დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“, ხოლო 2015 წელს გახდა თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქე.

ამჟამად, ალექსანდრე კორსანტია ბოსტონში ცხოვრობს და ასწავლის New England Conservatory-ში, სადაც ფორტეპიანოს კათედრის წევრია. 2011-2016 წწ. არის საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2017 წელს ფესტივალის საპატიო მრჩეველია.