მსოფლიოში აღიარებული სოპრანო იანო თამარი - 6 მაისს, მის მეგობრებთან ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში XI საერთაშორისო ფესტივალს "აღდგომიდან ამაღლებამდე" გახსნის!

იანო თამარი (ალიბეგაშვილი)

სოპრანო 

 

თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1990 წელს, იანო თამარი სასწავლად გაემგზავრა იტალიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს. მისი მრავალფროვანი და ფართო რეპერტუარი მოიცავს ნაწარმოებებს ჰაიდნიდან მასკანის ჩათვლით. გამოდის დიდი წარამტებით როგორც ევროპის, ასევე ამერიკის, კანადის და იაპონიის საუკეთესო სცენებზე.
იანო თამარის სენსაციურ დებიუტს 1992 წელს პეზაროში, სადაც მან შეასრულა მთავარი როლი ჯოაკინო როსინის „სემირამიდაში“, მოჰყვა მიწვევები ლინას როლზე ვერდის „სტიფელიოში“ ჯანანდრეა გავაძენის დირიჟორობით, ალისას პარტიაზე ვერდის „ფალსტაფში“ და ლედი მაკბეტის პარტიაზე ვერდის „მაკბეტში“ მილანის ლა სკალაში რიკარდო მუტის დირიჟორობით. ამ როლებმა მას გზა გაუხსნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სცენებისკენ.
იანო თამარმა დიდი აღიარება დაიმსახურა ისეთ ოპერებში მონაწილეობისთვის, როგორც: ქერუბინის „მედეა“ (მთავარი როლი) ვენაში, ბერლინის Deutsche Oper-ში და მიუნხენის Bayerische Staatsoper-ში; ვერდის „მაკბეტი“ (ლედი მაკბეტი) ჰამბურგში; ვერდის „ოტელო“ (დეზდემონა) ტოკიოშო; „დონ კარლოსი“ (ელისაბედ დე ვალუა), „ერნანი“ (ელვირა) და „ვილჰელმ ტელი“ (მატილდა) ვენის Staatsoper-ში; „ტოსკა“ ჟენევაში; „ტრუბადური“ (ლეონორა) ბრეგენცის ფესტივალზე (ჩაიწერა DVD); ვერდის „ბედის ძალა“ (ლეონორა) მიუნხენის ბავარიის ოპერაში (Bayerische Staatsoper); დონიცეტის „მარიამ სტუარტი“ (ელისაბედი) ლიონის ოპერაში; როსინის „სემირამიდა“ და ვერდის „მაკბეტი“ ბერლინის Deutsche Oper- ში; ვერდის „ბალ-მასკარადი“ (ამელია) ჰამბურგში; ბელინის „ნორმა“ (მთავარი როლი) და მოცარტის „იდომენეო“ (ელექტრა) ბარსელონის Gran Teatro del Liceu- ში. ასევე დიდი გამოხმაურება ჰქონდა მის მიერ შესრულებულ ლედი მაკბეტს ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სცენაზე.
მონაწილეობს მნიშვნელოვან ახალ დადგმებში: ვერდის „დონ კარლოსში“ ფრანგულ ენაზე (ელისაბედი) ვენის Staatsoper- ში; როსინის „ოტელოში“ (დეზდემონა) ტოკიოში; „მაკბეტში“ (ლედი მაკბეტი) ბერლინის Deutsche Oper- ში და ლიონის ოპერაში; ვერდის „ბალ-მასკარადში“ (ამელია) ჰამბურგში; ბელინის „ნორმა“ ბარსელონის Gran Teatro del Liceu-ში; დონიცეტის „მარიამ სტუარტში“ (ელისაბედი) პარიზის Théâtre des Champs-Élysées-ში; პუჩინის „ტოსკაში“ (მთავარი როლი) პარიზის Théâtre de la Bastille-სა და მონპელიეში, რის შემდეგ ამ პარტიით მიწვეული იყო იაპონიაში, ბერლინში, ჟენევაში და ა.შ. არის მრავალი მივიწყებული და აღდგენილი ოპერის პირველი შემსრულებელი.

იანო თამარის დისკოგრაფიის ვრცელ ჩამონათვალში შედის: როსინის „სემირამიდა“; პაჩინის „პომპეის უკანასკნელი დღე“, ვერდის „ტრუბადური“ (DVD), „დონ კარლოსი“ (DVD) და „აიდა“ (DVD), მასნეს „რომი“ - ცოცხალი ჩანაწერი მარტინა ფრანკას ფესტივალზე (იტალია); ქერუბინის „მედეა“, ვერდის „მაკბეტი“, როსინის „რობერტ ბრუსი“, ჩილეას „არლელი ქალი“, შოსტაკოვიჩის მეთოთხმეტე სიმფონია. აღსანიშნავია, რომ იანო თამარმა, საქართველოში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, სოლო კონცერტი , 2006 წელს, პირველ საერთაშორისო ფესტივალზე "აღდგომიდან ამაღლებამდე" თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე გამართა. 

2016 წელს, უკვე XI ფესტივალზე, იანო თამარი მის მეგობრებთან ერთად, კვლავ თბილისის ოპერის თეატრში განახორციელებს საკუთარ პროექტს - ჯ. ვერდის ოპერა "დონ კარლოსის" საკონცერტო შესრულებას.