გიორგი გაგნიძე არ ასრულებს რიგოლეტოს, იგი დაბადებულია რიგოლეტოდ...“

ხოსე კარერასი

ბატონი გაგნიძე დიდი ძალაა სცენაზე. შესაძლოა, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვერდის შემსრულებელი ბარიტონი ყველა თაობის მომღერალთა შორის“.

ჯეიკ იოჰანსენი

 ქართული ვოკალური სკოლის არა ერთი საგულისხმო წარმომადგენელი ამშვენებს მსოფლიოს უმსხვილესი საოპერო თეატრების სცენებს. მათ შორის, მართლაც გამორჩეულია ქართველი ბარიტონი, ვერდის რიგოლეტოს უბადლო შემსრულებელი გიორგი გაგნიძე, რომელიც იმპრესარიოების სანატრელი მსახიობია და ოპერის მოყვარულთა რჩეული მომღერალი.

მომღერლის ბიოგრაფია დატვირთულია მნიშვნელოვანი მიღწევებით, წარმატებებით, მრავალფეროვანი რეპერტუარით, საინტერესო შეთავაზებებით. მაგრამ, ასეთ წარმატებულ კარიერას წინ უძღვოდა დიდი შრომა, რომელმაც ხელი შეუწყო ულამაზესი ხმისა და ნიჭიერების ამობრწყინებას. მისი აღმზრდელი პედაგოგები იყვნენ პროფესორი, დიზი ხელაშვილი და დოცენტი, თამაზ ლაფერაშვილი. ის დაჯილდოებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზით, კერძოდ, სტამბულში ლეილა გენჩერის, მოსკოვში ელენა ობრაზცოვას, იტალიაში ვერდის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის პრიზებით.

ამჟამად მომღერლის რეპერტუარი თითქმის 3 ათეულ როლს მოიცავს, მას საუკეთესო შემადგენლობებთან უწევს გამოსვლა. სცენაზე განხორციელებული როლების შესაფასებლად კრიტიკოსები, ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ეპითეტსსენსაციური.

შემსრულებელი მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებშია მიწვეული, რამაც მას საშუალება მისცა  ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ლორინ მაზელი, ჯეიმს ლევაინი, ხესუს ლოპეს-კობოსი, ფაბიო ლუისი, დანიელ ორენი და დანიელე კალეგარი. გიორგი გაგნიძეს მიერ სკარპიას როლის შესრულება მეტროპოლიტენში ნაჩვენები იქნა მსოფლიო კინოდარბაზების ეკრანებზე და ასევე გამოიცა DVD-ზე.

 

გიორგი გაგნიძის დებიუტი ფესტივალშიაღდგომიდან ამაღლებამდეგანსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მუსიკისმოყვარულთა შორის.